ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-01-15

დასრულების თარიღი: 2019-09-30

ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა


ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში მოიყრის თავს. სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის. ,,პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მოსახლეობას იმისთვის, რომ გაგებით ეკიდებიან სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობით გამოწვეულ დისკომფორტს, რის გამოც გადაკეტილია გზა და ხელი ეშლებათ გადაადგილებაში. მოგეხსენებათ, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ქალაქისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, შენდება ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის დიდი ნაწილის, როგორიცაა ჭაობისა და ურეხის დასახლებები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიების სანიაღვრე სისტემის ექსპლუატაციას. კიდევ ერთხელ, ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობასა და მძღოლებს იმის გამო, რომ არის გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს ყველაფერი ბათუმისთვის, ჩვენი ქალაქისთვის კეთდება“-განაცხადა ლაშა კომახიძემ. ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორის მშენებლობა 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება - 3,6 მლნ ევროს შეადგენს. ამ დროისთვის სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულებულია გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთში, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა. გრძელდება და ნოემბერში დასრულდება გიორგი ბრწყინვალესა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები, რის შემდეგაც ექსპლუატაციაში შევა ახალი სანიაღვრე არხი პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.